ნანო შაინიძე

ნანო შაინიძე

ბიოგრაფია

ნანო შაინიძე
არც გაშლილი ატმის ყვავილებიდან დავბადებულვარ და არც დამსკდარი ბროწეულის სიხასხასე დამყოლია იმთავითვე... 1975 წლის 16 ოქტომბერს დავიბადე ... ღვინობისთვეს. ალბათ ამიტომაც დამსდევს მუდმივ თანამგზავად ბადაგისეული, არეული ხილვებიცა და მათრობელობაც: მიყუჩებაცა და სიშლეგეც... არადა, თითქმის ჩვეულებრივი, ნაწნავებიანი გოგონა ვყოფილვარ. ოღონდ ცოტა ფართოდ მქონდა გახელილი თვალები ვიდრე სხვებს და ცოტა უფრო სხვანაირად ვხედავდი ვიდრე სხვები... ისინი ხედავდნენ, რომ დგას უძრავი ხე, ან არადა მის მწვანე ფოთლებს ნიავი აშრიალებს, ან ჰყვავის და ის – ისაა კოკრები გამოაქვს. მე კი ვხედავდი, რომ ხის ფოთლებს ნიავი კი არ აშრიალებდა, ყუნწებში უღიტინებდა და ფოთლები ხტოდნენ, ხითხითებდნენ, ლამის გულები უსკდებოდათ. ხე უბრალოდ კი არ ჰყვაოდა, ყოველი კვირტი თოთო ბავშვივით იღვიძებდა, თვალებს იფშვნეტდა, იზმორებოდა და–ტკაც! ღიმილით უბრწყინდებოდა სახე. თვალდახუჭულიც ვხედავდი, სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო–და არ დამიჯერებდნენ. ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია, როცა შენ რაიმე გჯერა და სხვები არ გიჯერებენ.... ხულო, სოფელი რაქვთაა ჩემი ადგილის დედა და ფესვებიდანვე მომყვება სხალთისმიერი მორჩილება და მოკრძალებულობა; სარეკელას ჭალის სინოყივე; ალიკარის ჩანჩქერის შხეფებში ცისარტყელას წამიერი გაელვება; დიდიეილას, სამსმელოსა და თეთრობის მთების ღრუბლებისაკენ სწრაფვის სურვილი; ხიხანის ციხის სიგოროზე და სიამაყე; ცივტბის იდუმალება. აკი თავიდანვე ვთქვი ღვინობისთვიდან გამომყვა- მეთქი ბადაგისეული ხილვები... ოჯახის ნებიერი, ნაბოლარა, მერვე შვილი ვიყავი და ეს იყო ყველაზე ბედნიერი ხანა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა განა მეტწილად ასე არ ხდება ადამიანებში?! ახლაც თვალწინ მიდგას ზამთრისპირის ლბილი, ლბილი ბინდი... მამა ღონივრად მიაბიჯებს, თან ღიღინებს და რომ უფრო ღონივრად გაებიჯებინა კისერზე შემისვა. დედა ცდილობდა არ ჩამოგვრჩენოდა, მარცხენა მკლავზე ეხუტებოდა მამას, დაბლიდან შემოგვხაროდა და მისი კარგი, კეთილი თვალები ახლა უკვე თმაში გაბნეულ ფიფქებშორის ბრწყინავდა. ნეტა რა იყო ასე მტკიცე მაშინ–მამაჩემის მხრები თუ თვითონ დედამიწა?! მერ, მერე 15 წლის მოვეკიდე ოჯახს. მიყვარდა... მიყვარდა, როგორც უყვართ ხოლმე ჩემნაირებს. გაზაფხულიანი ხასხასა ჭალები, თოვლის ფიფქებიც, სევდიანი მთაც, ის შეჭაღარავებული ტყე, მუხის ნაჭრილობევში ამოსული მთელი ბღუჯა იაცა და ჩიტი სკვინჩას მოძახილი–„სკვინჩ, სკვინჩო" სულ ჩემად მეგულებოდა. უჩვეულოდ ლამაზად მეჩვენებოდა ყველაფერი... დედა გავხდი... ზეცაში წაიყვანეს ჩემი გიორგი ანგელოზებმა და აქ, დედამიწაზე გააუდაბნოა ჩემთვის ყველაფერი არსთა გამრიგემ. არ იკმარა განსაცდელმა ჩემი ცრემლი, ჯერ აფხაზეთის ომმა და შემდეგ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა მეუღლე... ისევ ცრემლი, ისევ ძაძები, ისევ სიმარტოვე, მაგრამ ამჯერად ბედნიერების ნამსხვრევი გამოიმეტა გამჩენმა–ჩემი ორი მარგალიტი, ჩემი ქალ–ვაჟი... და ჩემს მიერ გამოვლილ უღიმღამო დღეების ფონზე, მხოლოდ ისინი ბრწყინავენ, როგორც ღამეულ უდაბნოში ჩარჩენილი ბროლის ნამსხვრევები. ...შემდეგ გამოჩნდა ისიც... და ახლა ვცხოვრობ განუზომელი, უსაზღვრო, უანგარო სიყვარულით!.. სიცოცხლე გრძელდება. იმედიც ბჟუტავს, ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ მასში ანთია აღთქმული ბედნიერების იმედი და მეც მჯერა, რომ მხოლოდ უდიდესი განცდებითაა შესაძლებელი ბედნიერების ნაპირებთან მიახლოვება. ბოლოსდაბოლოს, მწერლობაც ხომ განცდები და ამ განცდების მახსოვრობაა... მეც მუდამ მემახსოვრება ჩემს მიერ განვლილი ყოველი გაბრწყინებული თუ ნარ–ეკლიანი ბილიკიც, სადაც ყოველი წაფორხილებისას დავტოვე ჩემი სულის პაწაწინა ნამსხვრევი. ყოველთვის განცდებით ვიცხოვრებ და თუ სადმე სიმძაფრე ჩამომრჩა, ეს იქნება ჩემი სულის გარდაცვალება. სულისა, რომელიც ჩემს სტრიქონებში გააგრძელებს სიცოცხლეს, ასე რუდუნებით რომ გამომყავს შავით თეთრზე და ნაღვედალივით ვუბერავ სულს, რომ არ განელდეს და გამიცივდეს... აკი ვამბობდი, ცოტათი სხვანაირად ვხედავ მეთქი ყველაფერს და ბადაგისეული ხილვები დამყოლია ღვინობისთვიდან...

ავტობიოგრაფიის დანართი

...ეს მაშინ! ამდენ ქარტეხილებს გადარჩენილი, ისევ არ დამინდო ბედმა და შემმოსა შავით... ...მეორე მეუღლეც წამართვა... ახლა კი ვდგავარ, უამრავთა ფეხით გათელილ ცხოვრების ქვაფენილზე - მარტოდ, უმისამართოდ... მისგან, მისით თავნაპოვნი და თავდაკარგულიც!.. და ვსუნთქავ, მხოლოდ მასზედ სანთლებად ანთებული სიყვარულითა და ლამაზი მოგონებებით - ჩვენი „საგა" რომ ჰქვია... და კიდევ ჯერვერნაპატიები დედობის და სისხლის ყივილის იმედად..