გაგიჟებას წინ რა უდგას?
გაგიჟებას წინ რა უდგას?-
ავდგები და გავგიჟდები!..
ვერც ჭკუით ყოფნა მგონია მთლად ნორმალური ყოფა. სიგიჟესა და სიმშვიდეს შუა უნდა მოძებნო უხილავი ძაფი და გამოებაწრო, სახბოვრეს მიბმული, დედის ჯიქანთან შეხვედრის მომლოდინე ხბოსავით!.. ან ადგე და თავდაყირა იარო, რომ შენი განსხვავებულობა, გიჟადყოფნად შერაცხონ! (ისედაც ნაირნაირ ვინმედ გრაცხავენ და)...
ნორმალურის „შესამოსელი" შვება და ხსნა რომ იყოს, ამ უსახო სახიერების ხანაში, ჯანდაბას - დაესესხებოდი ვინმეს, თითო-ოროლა რომ შემორჩა ამ ქალაქს ასეთი... მაგრამ ნირწამხდართა სასოწარკვეთა მოსვენებას არ მოგცემს და იმ თითო-ოროლასაც გაგასვრევინებს!..
გაგიჟებას წინ რა უდგას?-
როცა დაბადებიდან „გიჟი" ხარ!
გაფანტე ღმერთო ეს ღრუბლები,
მზეს კოჭები რომ ჩამობანეს...
ღმერთო, ჩემი წილი ცა მომეცი,
მიწა, მარგუნე საჩემწილო,
ნურც „სიგიჟე" და ნურც სიმშვიდე,
ნუ გამიხდება სათაკილო!
ღმერთოო!-
უიმედობაში აღარ დამაბრუნო!
მემ!
...ვიდრე მზეს კოჭებს ვუსინჯავდი...
ვიდრე სულზე ფარდებს გადავწევდი და მომცრო ოთახის წვიმით დაღარულ მინებს მივეტმასნებოდი შუბლით, ჩემი დღეები დაპატარავებულან, მემ!
დალეულან...
დაღამებულან...
მე ისევ, თონის სიმხურვალით მეგონა იწვოდა ჩემი ზაფხულის მზე - ჩანაცრებულა!
აივანიც არ მაქვს, რომ შენს მზიან მხარეზე გადმოვცოცდე... სარკმლიდან სახურავზე ასვლა რომ შემეძლოს, ბუხრის მილიდან ჩამოვიდოდი შენთან და შენს სარკმელში ჩამომდგარ დღეს ჩავეხუტებოდი...
შენ როგორ შეძელი, არ დაღამება, მემ?!
ძალიან ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის - შენი მოშურნე ვარ, მემ!
ჰო, ყველა ფერად მშურს შენი... თეთრი არ ვიცი მე, სულ ყველა ფერად მშურს და, ხომ არ გეწყინებათ თუ გეტყვით?-... არ მიყვარხართ, მემ!..
ვიდრე, წვიმას ზღაპრებს ვუყვებოდი, დღეები დამიღამდნენ,
მოიკეცნენ,
მხრებზე ვეება მთები ჩამოიყუდეს...
დამძიმდნენ!
შენ როგორ შეძელი, სიფრიფანა, მორკალული მხრების სიმსუბუქე, მემ?!
ჰო, რომ არ მიყვარხართ, გითხარი უკვე, ხოომ?!..
მეტიც, ვერ გიტანთ მემ!!!
ვიდრე ოთახში დამწყვდეულ მარტოობას, კედლებს, ბავშვობისდროინდელ ოცნებებში ჩარჩენილი ფერებით ვუხატავდი, გარეთ დღეები ჩამიჟამდნენ...
გამებუტნენ...
დამიდუმდნენ...
დამინაწევრდნენ...
ლიფსიტებივით აისხლიტეს ჩემი სარკმლიდან და ღამე ჩამოიფარეს ალიბად - ხომ ხედავ დავბნელდით და ნუღა გვეძებო...
და მზე, ჩემი მზე?- ალიყურნაჭამი მზე, ვის ქვეშაგებელში მიაძინეთ, მემ?!
ვიდრე მზეს კოჭებს ვუსინჯავდი,
ჩემი დღეები დაბნელებულან...
არ გეწყინოთ, რომ არ მიყვარხართ, მემ!
მეტიც - ვერ გიტანთ...
დაუღამებელი დღეების შემნარჩუნებელო, მემ!..
...ქალი შემხვდა ერთი
...ქალი შემხვდა ერთი... ქმარს დარდობდა, ავად მყავსო! მრავალგზის მოღალატე ქმარს...
კაციც შემხვდა... უხაროდა - ლამაზი და ჭკვიანი ცოლი მყავსო - მოღალატე ცოლზე თქვა...
მერე ღალატიც შემხვდა... იმაზე ამაზრზენი და საშინელი სანახავი სამყაროში არაფერი ყოფილა!
...როცა უკაცრიელდებიან სულის ხეივნები და უკიდურესი სიჩუმე ბატონდება, მე ვუხმობ თვალებში გადამალულ ონავარ ჭინკებს და შემხვედრთ ღიმილებად ვურიგებ...
თქვენც გამიღიმეთ რა, ადამიანებო, რომ ჩემი სულის ხეივანში იმედებმა ინაყოფონ ისევ!..
..ადამიანის სულს ორი გასაღები აქვს, ბავშვობა და სიყვარული...
გამორიცხულია, ამ ორიდან რომელიმეთი ითვალთმაქცოს...
ამიტომაცაა ამ შემთხვევებში - ორივეთაგან სუფთა...
...ვაჟიშვილისადმი...
(თქვენ რას გაიგებთ ყორნებო,
ტკივილს „წასული" დედისას...)
...პირველად, მე შენ, ჩასახვისთანავე გიღალატე - როცა მამაშენის ცოლობა არც კი მქონდა გააზრებული და მეორედ გავბედე დედობა...
...მეორედ მაშინ გიღალატე - როცა შენს საწოლს გაასკეცებულად ვარწევდი და მიუხედავად სოფლის დამღლელი დღისა, არმობეზრებით მოგუდულად გიმღეროდი ნანას - მამაშენს რომ არ გაღვიძებოდა. ერთი სული მქონდა მალე დაგეძინა და მეც მომესვენა და ისევ იმ ბიჭის გვერდით დამეძინა, ვინც თავადაც გაუაზრებლად მიქმრო (პატარა ასაკიდან გამომდინარე და ვინაც 26 წლის ასაკში მიმატოვა - აცხონოს)...
...მესამედ - კლასში რომ დაგტოვე მერხთან და შენთვის სრულიად უცხო გარემოში აღმოჩნდი...
...მეოთხედ, მამაშენის წასვლის შემდეგ - როცა ვიგრძენი რომ ცოცხალი ვარ და მეც შემეძლო მეოცნება - რამეზე ან ვინმეზე...
...მეხუთედ - როცა პირველად ჩემს ცხოვრებაში თავდავიწყებით შემიყვარდა, როცა პირველად ვერ გაგისწორე თვალი თვალში...
...მეექვსედ - როცა ისიც დავკარგე და მაინც მისი ერთგული დავრჩი...
...მერე როცა შემოდგომის შეჭარხლებული ფოთლებივით მიემსგავსნენ დღეები ერთურთს...
როცა - ყოველი ღამე მოსამართლის მანტიას მაცმევდა და საკუთარ თავს ვასამართლებდი...
როცა - შენზე მოფიქრალი და მოტირალი მაინც ვკრეფდი მინდვრის ყვავილებს და საოცნებო გვირგვინებს ვწნავდი...
როცა - უშენობისთვის გამეტებული ცალკე სიკვდილს ვნატრობდი და გულის სიღრმეში მაინც სიცოცხლე მინდოდა...
როცა - მხრებზე ამხელა სიმძიმეაკიდებული, ცხოვრების ღია სარკმლიდან ხელგაშვერილი, ბავშვური სიცხადით პეშვით ვაგროვებდი წვიმებს და შენამდე მაინც ვერ მომქონდა...
...მე ვგრძნობ, როგორ მითრთის ნერვი, როცა ქუჩაში, მუშტრისთვალით მომზირალ კაცის ფიქრებს ვამზეურებ - ერთგვარად ესეც მგონია რომ შენი ღალატის ტოლია...
...მე ახლა ყოველ დღეს გღალატობ - როცა მზე ამოდის და ყოველ დილას უშენობა მოაქვს...
არადა მაინც იმედით ვხვდები ალიონს...
...მე მოღალატე ვარ შვილო - ერთგული მოღალატე!..
27.04.2019, 03:25