ნანო შაინიძე

ნანო შაინიძე

ლექსები

შენ მითხარ - ჩამოთოვაო...

შენ მითხარ- ჩამოთოვაო... მე გითხარ- წვიმას იწყებს... -წელს დიდი თოვლი მოვაო, შარშანდელს დაგვავიწყებს... ერთცალა ტოტსაც მოამტვრევს, მაშინ რომ გადაურჩა, გადახმებიან ნიგვზები, ისეთი პირი უჩანს... ცუდად მენიშნა ბუნების მორიგი სისასტიკე, წუხილის დასაფარავად, ვითომ სიცილით გკითხე: -მე და ბეღურებს რა გველის, სანამ მოსულა იები? ან მერამდენედ გაგიშვა, წყენებით ნაპატიები?! შენ ჩაგეღიმა, მიმიხვდი- პირი საითკენ ვიცვალე, შენც იცი, რამდენს გავუძელ, რამდენჯერ გარდავიცვალე... ჰოდა, იმ ცალა ტოტივით, ყოველ ზამთრობას ვშიშობ... შენი არსებით, ჩემს გულში, ობლობის ცრემლებს ვიშრობ. შენ მითხარ- გადაიპენტა, მე გითხარ- წვიმას იწყებს, რაღამც მოხვედი იმედად, ტკივილიც დამავიწყე!..

15.02.2023

...ფიასკოთი დამთავრდა ჩემი ბედის თარეში

...ფიასკოთი დამთავრდა ჩემი ბედის თარეში, ისევ მზის მცხუნვარებამ გული მომისაჰარა, უწყლო ოაზისი ვარ, შენი გულის გარეშე, აღარ მიხარია და- აღარ, აღარ, აღარა!.. და ვით ბედუინები, მოვიგონებ- უგონელს, მირაჟებში გვექნება ოქროსფერი სასახლე, იმ ნაძვების სიმორცხვეს და ერთობას ვიგონებ- დღემდე პირველ შეხვედრას რომ ინახავს, არ ამხელს... ჩემი ბედის თარეშმა, სად არ მახეტიალა, თან დამახრჩო ზღვებში და კიდეც მამწყურვალისა, ყველა ომი მოვიგე, მხოლოდ შენი კი არა, ვითომ აპრილებია, ჩემი გზები-ხვალისა?! მეტი რა დამრჩენია, ბედს უენოდ ვბარდები, დაე ჩემი ქუსლები, კვლავ დახეთქოს საჰარამ, ისევ იყვავილებენ, უდაბნოში ვარდები, ბედისმწერის აუგს კი- აღარ ვიტყვი, აღარა!..

25.03.2020, 05:48

დამიბრუნე

...გარდასულან ფერები, დღეთა ფერისცვალებით, ვეღარ მოგეფერები, დამიბრუნე ვალები- განა მარტო კოცნების, განა მარტო მზერისა(?) შემოძარცვულ ოცნების, დანაცრებულ გზნებისა, (და არეულ გზებისა)... ამ მარტოსულ შროშანებს, შემოდგომა წვევია, დამიძახე შორიდან, ისე, როგორც გჩვევია.... შემომხვიე ხელები, როგორც ჭიგოს ლერწამი, და ისევ გახელებით- მხოლოდ შენთვის ვეწამვი... გარდასულან ფერები, დღეთა ფერისცვალებით, მორჩა-არ გეფერები, დამიბრუნე ვალები- ნათეთრები ღამის და, მომლოდინე თვალების!..

23.04.2019

არადა

...ვეღარ ვიქნები მორჩილი ცოლი, ვეღარ... შენ გამიმეტე- მეძავის კალთასავით უდიერად გაცვეთილ სამყაროს შემაფუჩეჩე, მიმდენე... მიმასაჩუქრე... შენ გამიმეტე!.. არადა, როგორი მორჩილი გყავდი- მზეამოწვერილ დილას მოვდევდი შენს ფეხდაფეხ მსახურად და გმსახურობდი მზის ჩასვლამდე, გყმობდი... გაღმერთებდი... განაყრებდი... გირეცხავდი... გილაგებდი და მეტიც, გალაგებდი... მერე ღამესთან ერთად მთვარეს მოვყავდი შენთან გახელებულ ავაზად და სისხლს გიდუღებდი, ფაფარაშლილ ლომს გამსგავსებდი... ახლა, რა გიშველო? რა ვიშველო? ვეღარ დავაბრუნებ მორჩილებაში მყოფ, დაღლილი სხეულიდან გაქცეულ სულს. თავის-უფლების გემოგაგებულს... თავის-უფლების მარად მოსურნეს... თავის-უფლების უკვე მეპატრონეს... ვეღარ ვიქნები მორჩილი ცოლი-თქო... ეგ კიდე არაფერი, იავნანასაც ვეღარ ვიმღერებ... სხვისი შვილების საიავნანოდ ხომ გამიმეტე... ჰოდა, შენმა, ჩვენმა შვილებმა გამიუცხოიავნანეს... რა გიშველო?! რა ვიშველო?! სხვის დაკრულზე საცეკვაოდ გამაგდე, უკულისო და უფარდებო სცენაზე გამიყვანე. ახლა აქ, ამ სცენაზე მხოლოდ დეკორაციათა ცვლაა შესაძლებელი, ყველა სპექტაკლი ერთმანეთს ჰგავს, შენი წყალობით. ეს სცენარი შენ გეკუთვნის, მას გლობალური სახე აქვს უკვე, რომელმაც ყოველგვარ ეროვნულს ჩარჩოები დაუმსხვრია... დამამსხვრია... მომირღვია: ანიც და ჰოეც, ქცევაც და წესიც, ადათიცა და ზნეჩვეულებაც... ვეღარ ვიქნები მორჩილი ცოლი, შენს ტუჩებნაჩვევ ბაგეებს ახლა ცრემლები კოცნის... ვეღარ ავიტან შენს ახირებებს.. არადა, მე ხომ ვიყავი?! არადა, მე ხომ მიყვარდი?! მე ახლაც მინდა გმორჩილობდე, გმსახურობდე, გაღმერთებდე, მაგრამ... თავისუფლებაში გაფრენილ სულს ვეღარ მოვდენი უკან, რომელმაც თავისუფლებაში უფრო დიდი მონობა პოვა. შენ გამიმეტე და მე ამ გამეტებაშიც დაგემორჩილე!..

17.04.2018

...ომობანას ნუღა ითამაშებთ

...ომობანას ნუღა ითამაშებთ, ნუ, ნუღარ!.. სამშობლო სულის არის საყდარი... იდგა სისხლისფერი დღეები და ამინდები, შენ რომ არიდებდი, შენ რომ ეკრძალვოდი- ის რიდი და სიფაქიზე ეხლა სად არი, სად არი?! ... ომობანას ნუღა ითამაშებთ, ნუ, ნუღარ! დარახტული უნაგირები დაადგით დღეებს ბიჭებო და გაუხედნავი ულაყებივით მიუშვით სივრცეებთან... ოღონდ დრო და დრო ავშარას მოწევა არ დაგავიწყდეთ! ნენეები კი შემზარავი სისხლის პირმოუკრავ წვიმაში, ტაფებს დააპირქვავებენ და ზედ მარილს მოაყრიან, რომ შინ დაბრუნდეთ, ტყვიებგამოვლილი გზებით ქუსლებდახეთქილებმა! გულღვიძლს ნუ შეუწვავთ მოურიდებელ მტრებს ბიჭებო, ღმერთმოძულენი ისედაც გადმოღვრიან გავარვარებული მზეებიდან აალებული ომების ლავას... და აგიტირდებათ დედები და ცოლები ბიჭებს, ცა აგიტირდებათ ფირუზისფერი... მწვანე ბალახი ყაყაჩოსფერი სისხლით როცა დაიწინწკლება!... ... ტყვიას ნუღარ ისვრი, ნუ ჰფენ სამარეებს, ვაი შენს დედას და, ძმას დაღუპულს კინთხთან, მტრები დაივიწყე, იქნებ შინ დამირჩე და სისხლს ასაღებელს ნუღარ მოიკითხავ... ... ტყვიით ანახლეჩი საქართველო, სულში ამოგზრდია ნერგებად... ომში არ წახვიდე - ჩემო ბიჭო, შენ - მაინც გადამირჩე ეგება!

20.08.2022

მარტოობის დირეგი

გი-ლალ გი-შერმარგალიტე, ცად გიშენე იები... გახსოვს, შენი გულითვინ, რომ გადმოვლახე თიები?! გი-ცრემლფიქრე, გი-სურნელე, სევდა საქმედ ვაქციე, მარტო შენთვინ რამდენ ჭოროხს თავი გამოვაღწიე. აგიფერადგიკიაფე, თუკი ჟღალი სამყარო... შენი წილის მიმტაცებელთ მინდა „ჩინი" ავყარო!.. მე რომ აგიმზეკიაფდი, შენთვინ სულიც გავყიდე, რატომ ადრე არ მიხმე და არ მეძებე, ან კიდე- სუსტ მხრებზე რად შემაჩეჩე, მარტოობის უღელი, რად შეყარე ჩემს წილ ცაზე, სევდისფერი ღრუბელი?! მე რომ გი-ლალმარგალიტე, გი-შროშანე, გი-ლექსე... რად გამომბაწრმიმაჯაჭვე, მარტოობის დირეგზე?!

(აბდაუბდა)

...დავყვები ავბედით ქარაფებს ხელახლა, მეც მსურდა ამქვეყნად სიმშვიდე მენახა... ვერ ვპოვე ვერსაით, ნეტარი სამყოფი, თუ მქონდა- (რაც მქონდა) სხვისი გასაყოფი... ვერ ავაბიბინე ხრიოკი კორდები, ავიღე მინორში ყველა აკორდები... მშვიდად ვეთხოვები, შარშანდელ მაჟორებს, მრჩება ბეთჰოვენი მიწას რომ მაშორებს. ვიცნობდი, მიცნობდნენ ოცნებებს ვაგებდი, სულ ყველა ტატამზე სუფთაზე ვაგებდი... მოდიან ცოტა ხნით, მუდმივად მიდიან... და ჩემგან ნაქურდალ სიყვარულს ჰყიდიან. მიყვარდა ვუყვარდი? მინდა რომ მჯეროდეს, ვიდრემდის როს მწყერი, ხეს შემოჯდებოდეს... ნაპირთან აშლილან პალმების რტოები, იმ კოცნას (თუ გახსოვს) ზღვასთან ვეთხოვები. რა დროში, რა გზებით, რა ტემპით ვიარე, როგორ არ ვეცადე, არსად მაღიარე- ცხოვრებავ, თავად ვარ წესების მომგონი, და ახლა მე გიწვევ დუელში მგონი... ...და მაინც ეს დარდი იმდენად მძიმე და იმდენად დიდია: მიდიან... მიდიან... მიდიან- დღეები ჩვენგან დაუბარებლად მიდიან!

22.02.2018, 22:22